Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

მისასალმებელი სიტყვა

მოხარული ვარ, მოგესალმოთ საქართველოს საელჩოს ოფიციალურ ვებგვერდზე!

ჩემთვის დიდი პატივია წარმოვადგენდე საქართველოს ნორვეგიის სამეფოში, ქვეყანაში, რომელსაც აქვს მდიდარი კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობა და რომელთანაც ჩვენს ქვეყანას ხანგრძლივი ურთიერთობა აკავშირებს.

აღსანიშნავია, რომ დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და ნორვეგიის სამეფოს შორის, საქართველოს მიერ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნის შემდეგ დამყარდა (1918 წელი).

სამწუხაროდ, რუსეთის ბოლშევიკური წითელი არმიის მიერ ოკუპაციამ და საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში საქართველოს ძალადობრივად შეყვანამ, ჩვენი ქვეყნა 70 წლის განმავლობაში იზოლაციაში მოაქცია. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველომ 1991 წელს კვლავ აღადგინა დამოუკიდებლობა და დიპლომატიური ურთიერთობები განაახლა ნორვეგიის სამეფოსთან. 

განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ნორვეგიის მხრიდან საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის აქტიური მხარდაჭერა. ნორვეგია საქართველოს გამორჩეული მხარდამჭერია ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა მრავალმხრივია და არსებული პარტნიორობა წარმატებით ღრმავდება. საქართველო ნორვეგიის სანდო და ღირებული პარტნიორია.

საქართველოს უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა, ისტორიული ძეგლების მრავალფეროვნება, ქართული სამზარეულო და სტუმართმოყვარეობა საქართველოს ტურისტებისთვის ერთ-ერთ მიმზიდველ მიმართულებად აქცევს. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ სულ უფრო იზრდება ნორვეგიიდან საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობა. იმედი მაქვს, აღნიშნული დინამიკა კიდევ უფრო მზარდი იქნება.  აღსანიშნავია, რომ ნორვეგიაში ყოველწლიურად მატულობს ქართველი ტურისტების რაოდენობაც. მოხარული ვიქნები, თუ უფრო მეტი ქართველი ეწვევა ნორვეგიას და იხილავს ამ ქვეყნის სილამაზეს.

საელჩოს უმნიშვნელოვანესი მიზანია საქართველოსა და მისი მოქალაქეების ინტერესების დაცვა. ჩვენ ძალ-ღონეს არ დავიშურებთ, რათა გვერდში დავუდგეთ ნორვეგიაში ქართულ დიასპორას, შეინარჩუნოს მნიშვნელოვანი როლი ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და სამშობლოსთან არსებული კავშირების განმტკიცებაში.

ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა მიმართულია საქართველოსა და ნორვეგიის სამეფოს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და სხვა პრიორიტეტული მიმართულებებით არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისა და გაძლიერებისაკენ.  

 

მადლობას მოგახსენებთ ჩვენი ვებგვერდის სტუმრობისთვის.

 

საუკეთესო სურვილებით,

 

ზურაბ ბერიძე

საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი