Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ორმხრივი ურთიერთობები

საკონტაქტო ინფორმაცია

დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და ნორვეგიის სამეფოს შორის 1918 წელს დამყარდა, რომელიც აღდგა1992 წლის 5 ივნისს.

2022 წელს აღინიშნა დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლის იუბილე.

ნორვეგიის სამეფოში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა გაიხსნა 2012 წელს, ხოლო საქართველოში ნორვეგიის სამეფოს საელჩო - 2019 წელს.

2006-2012 წლებში საქართველო ნორვეგიის სამეფოს დიპლომატიურ გადაფარვას ახორციელებდა დანიის სამეფოდან.

თანამშრომლობის ძირითადი სფეროები

საქართველოსა და ნორვეგიას შორის ჩამოყალიბებულია მეგობრული და პარტნიორული სახის ურთიერთობები, რომელიც ეფუძნება ურთიერთნდობასა და საერთო ევრო-ატლანტიკურ ღირებულებებსა და ინტერესებს. 

ქვეყნებს შორის თანამშრომლობა ძირითადად მოიცავს პოლიტიკის, ეკონომიკის, თავდაცვის, განათლებისა და კულტურის სფეროებს.

ორმხრივი ურთიერთობები სრულიად ახალ ეტაპზე გადავიდა 2019 წელს, როდესაც ნორვეგიის სამეფომ საქართველოში დიპლომატიური წარმომადგენლობა დააფუძნა. საელჩოს ოფიციალური გახსნის ღონისძიება შედგა 2022 წლის ოქტომბერში, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით.

მნიშვნელოვანი იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ორმხრივი ვიზიტი ნორვეგიაში, რომელიც გაიმართა 2018 წელს, ნორდიული ტურნეს ფარგლებში.

საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ნორვეგიასთან პოლიტიკური დიალოგის  განვითარებას ასევე სხვადასხვა ნორდიულ რეგიონული ფორმატის ფარგლებში, საერთო ინტერესის მქონე სტრატეგიულ საკითხებზე. 

ნორვეგია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას, როგორც ორმხრივ დონეზე, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.

აღსანიშნავია ნორვეგიის მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის შეუქცევად პროცესში. ნორვეგია აქტიურადაა ჩართული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელებაში და არის ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის [JTEC] ინიციატივის ლიდერი ქვეყანა.

ქვეყნებს შორის საკანონმდებლო დონეზე თანამშრომლობის გაღრმავებას ხელს უწყობს საპარლამენტო დელეგაციების ვიზიტების ურთიერთგაცვლა. აღსანიშნავია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი ნორვეგიაში 2022 წელს, ნორდიული ტურნეს ფარგლებში. ნორვეგიის პარლამენტის თავმჯდომარე კი  2017 და 2015 წლებში ეწვია თბილისს. საქართველოს ამჟამინდელი მოწვევის პარლამენტში მოქმედებს ნორვეგიასთან მეგობრობის ჯგუფი

დარგობრივი თანამშრომლობა

საქართველოსა და ნორვეგიას განსაკუთრებით მჭიდრო ურთიერთობები აქვთ თავდაცვის, ენერგეტიკის, საერთაშორისო განვითარების, ინკლუზიური განათლებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროებში.

წარმატებით მიმდინარეობს თანამშრომლობა ნორვეგიის შიდა გვარდიასა და საქართველოს ეროვნულ გვარდიას შორის. 

საქართველო განსაკუთრებულად აფასებს ნორვეგიის, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დონორის, მრავალწლიან ჩართულობას ჩვენი ქვეყნის ინსტიტუციური და სოციალურ-ეკონომიკური მოდერნიზების საქმეში.

ქვეყნებს შორის წარმატებით მიმდინარეობს თანამშრომლობა ენერგეტიკის სფეროში, განსაკუთრებით განახლებადი ენერგიების დარგში. 2018 წელს ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს ნორვეგიის წყლისა და ენერგორესურსების დირექტორატსა [NVE] და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის

ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მიზნით, 2019 წელს დაფუძნდა ქართულ-ნორვეგიული სავაჭრო პალატა. ამასთან, 2017 წლის 1 სექტემბერს ნორვეგიაში ძალაში შევიდა საქართველოს მიერ 2016 წლის 27 ივნისს ხელმოწერილი შეთანხმება ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან [EFTA] ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ.

განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს ნორვეგიის მრავალწლიანი აქტიური ჩართულობა, როგორც ფინანსური, ასევე ექსპერტული თვალსაზრისით, საქართველოში ინკლუზიური განათლების განვითარების მიმართულებით, რომლის შედეგად, ქართულ სკოლებსა და პროფესიულ საგანმანთლებლო დაწესებულებებში ფართოდ დაინერგა ინკლუზიური განათლების პრინციპები

2006-2014 წლებში, ნორვეგიის მთავრობამ მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერა გაუწია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს გარემოს დაცვის, ენერგეტიკისა და ეკონომიკის დარგში ახალი თაობის პროფესიონალების აღსაზრდელად

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფუნქციონირებს სკანდინავისტიკის ცენტრი, სადაც ისწავლება ნორვეგიული ენა.

ნორვეგიული მხარის ხელშეწყობით, ყოველწლიურად არა ერთ ქართველ სტუდენტს ეძლევა ნორვეგიის სხვადასხვა უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა, როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი პროგრამების ფარგლებში.

განსაკუთრებით ღირებულია ქართულ-ნორვეგიული თანამშრომლობა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს 2005 წლიდან დღემდე. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა ისეთი მნიშვნელოვანი და მასშტაბური სახის პროექტები, როგორიცაა: თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმის რეაბილიტაცია; თბილისის ბეთლემის უბნის რეკონსტრუქცია; საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის არქივის დიგიტალიზაცია და სხვ.

2008 წლიდან აქტიურად თანამშრომლობენ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია და ნორვეგიის მუსიკის აკადემია. ნორვეგიის მუსიკალურ აკადემიაში სწავლის შესაძლებლობა მიეცა არა ერთ ქართველ მუსიკოსს.

ამასთან, აღსანიშნავია ნაყოფიერი თანამშრომლობა, გასულ წლებში, საქართველოში მოქმედ ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოსა [NRC]  და ნორვეგიის კანონის უზენაესობის მისიებთან [NORLAG].

საქართველოსა და ნორვეგიას შორის გაფორმებულია რიგი სამართლებრივი შეთანხმებები, რომელიც მოიცავს სამართალდაცვით, ეკონომიკის და სხვა სფეროებს.

ბმულები

ნორვეგიის სამეფოს საელჩო საქართველოში

ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

ნორვეგიის სამეფოს მთავრობა

ნორვეგიის სამეფოს პარლამენტი [სტორტინგი]

ნორვეგიის სამეფო ოჯახი