2026 წლის 1 მარტიდან საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელების დასაქმების/თვითდასაქმების ახალი რეგულაციები ამოქმედდა
2026 წლის 1 მარტიდან საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელების დასაქმების/თვითდასაქმების ახალი რეგულაციები ამოქმედდა.
„შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში“ შეტანილი ცვლილებების თანახმად, 2026 წლის 1 მარტიდან საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელის ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობა და ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელება (მ.შ. დისტანციურად), ასევე საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელის მიერ საქართველოში სამეწარმეო/შრომითი საქმიანობა (მ.შ. პარტნიორობა, დამოუკიდებელი კონტრაქტორობა ან სხვაგვარად სამეწარმეო/შრომითი საქმიანობის პროცესში ჩართვა), რომლის მიზანიც არის ეკონომიკური სარგებლის მიღება, დასაშვებია მხოლოდ ამ უცხოელის მიერ შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების შემდგომ.
შრომითი საქმიანობის უფლება
შრომითი საქმიანობის უფლება, საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელს ანიჭებს სპეციალურ უფლებას, იყოს შრომით ურთიერთობაში ადგილობრივ დამსაქმებელთან (საქართველოში ან დისტანციური ფორმით), ან განახორციელოს შრომითი/სამეწარმეო საქმიანობა დამოუკიდებლად.
შრომითი საქმიანობის უფლება გაიცემა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ „დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს“ მიერ.
შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის პროცესი (განცხადების, ინფორმაციისა და დოკუმენტაციის წარდგენა, მომსახურების საფასურის გადახდა, გადაწყვეტილებების შეტყობინება და ა.შ.) ხორციელდება ელექტრონული სისტემის საშუალებით სპეციალური პორტალზე: www.labourmigration.moh.gov.ge (შენიშვნა: განაცხადების მიღების პროცესი დაიწყება 2026 წლის 1 მარტიდან).
შრომითი საქმიანობის უფლებას შრომითი იმიგრანტი მოიპოვებს ადგილობრივი დამსაქმებლის მეშვეობით, ხოლო თვითდასაქმებული უცხოელი − უშუალოდ.
შრომითი საქმიანობის უფლება გაიცემა შრომით იმიგრანტზე - კონკრეტულ ადგილობრივ დამსაქმებელთან, კონკრეტულ სამუშაო პოზიციაზე მუშაობის უფლებით, ხოლო თვითდასაქმებული უცხოელის შემთხვევაში − კონკრეტული სპეციალობისა და შრომითი/სამეწარმეო სფეროს მითითებით.
დაუშვებელია შრომითი საქმიანობის უფლების სხვა პირზე ნებისმიერი ფორმით გადაცემა.
დეტალური ინფორმაცია შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების წესებისა და პროცედურების შესახებ ხელმისაწვდომია სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე, შემდეგ ბმულზე: https://labourmigration.moh.gov.ge/