საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩის მისასალმებელი სიტყვა

maya kipshidze

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოს საელჩოს ოფიციალურ გვერდზე!

ნორვეგიასა და საქართველოს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების გაძლიერების ხელშეწყობაში მონაწილეობის მიღება ჩემთვის, როგორც საქართველოს ელჩისთვის ნორვეგიის სამეფოში, უდიდესი პატივია. ნორდიკულ ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავება ყოველთვის საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენდა. 2017 წელს, საქართველომ და ნორვეგიამ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 25 წლისთავი აღნიშნეს, თუმცა ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობა 100 წლით თარიღდება, იმ დროით, როდესაც საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ გამოაცხადა დამოუკიდებლობა (1918-1921). 2018 წელს, საქართველო ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს აღნიშნავს და ოსლოში მდებარე საელჩო მთელი წლის განმავლობაში ჩართვება სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებაში.

ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი პარტნიორობა და თანამშრომლობა წარმატებით ღრმავდება და ორ ერს შორის შესანიშნავი ურთიერთობის მაგალითს წარმოადგენს. სწრაფი ტემპით იზრდება პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობაც. ნორვეგია მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ისევე, როგორც მის მისწრაფებას ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისკენ. იმედი გვაქვს, რომ ეკონომიკური თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება, რაც შესაძლებელს გახდის ნორვეგიული ბიზნესისა და ინვესტიციის მოზიდვას საქართველოში. განსაკუთრებით აღსანიშნავია ნორვეგიის მხრიდან ჩადებული ინვესტიცია საქართველოს ენერგეტიკის სექტორში. ასევე განიხილება დამატებითი შესაძლებლობები ტურიზმის, კულტურის, განათლებისა და კულტურული მემკვიდრეობის კუთხით.

ევროპისა და აზიის გასაყარზე მდებარე საქართველო ისტორიულად წარმოადგენდა აბრეშუმის გზის ნაწილს და ახლაც ასეთად რჩება, „ახალი აბრეშუმის გზის“ კონტექსტში. აზიისა და ევროპის დამაკავშირებელმა კონტინენტთაშორისმა სავაჭრო გზამ საფუძველი ჩაუყარა კულტურათაშორის დიალოგს და ჩვენი ქვეყნისათვის უნიკალური ნიშა შექმნა. მე ხალხთაშორისი დიალოგის დიდი მხარდამჭერი ვარ. ამ მხრივ, ძალიან მოხარული ვარ იმით, რომ საქართველოს სულ უფრო მეტი ნორვეგიელი ტურისტი სტუმრობს და იმედი მაქვს, რომ ნორვეგიელი სტუმრებისათვის ქართული კულტურის გაცნობისათვის დამატებითი შესაძლებლობები გაჩნდება.

საქართველოს საელჩო აქტიურად იმუშავებს ნორვეგიაში ქართული დიასპორის ინტერესებისა და უფლებების დაცვის კუთხით და, ასევე, მიესალმება თანამშრომლობის შესაძლებლობებს, ახალ იდეებსა და ინიციატივებს.

მოხარული ვიქნები და ჩემს მისიას წარმატებულად ჩავთვლი, თუ ჩემი ვადის დასრულებისას, საქართველოსა და ნორვეგიას შორის არსებული კავშირები კიდევ უფრო გაღრმავებული იქნება.

საუკეთესო სურვილებით,

მაია ყიფშიძე

საქართველოს ელჩი ნორვეგიის სამეფოში